%(count)s კომენტარი

– მენჯის ორგანოების პროლაფსი

– საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა
– უტერულ-ვაგინური პროლაფსი

– მენჯის ორგანოების პროლაფსი (Pelvic Organ Prolapse) ხასიათდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის და ორგანოების ნორმალური ანატომიური მდებარეობის პათოლოგიური ცვლილებებით, შედეგად მათი ფუნქციონალური დარღვევებით. გენიტალური პროლაფსი (გამოვარდნა) აღიქმება და განიხილება როგორც მენჯის ფსკერის დიაფრაგმის სახეშეცვლილი თიაქარი. მსგავსი პრობლემა შეიძლება განუვითარდეთ ნამშობიარებელ და არანამშობიარებელ ქალებს. მენჯის ორგანოების პროლაფსი ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას ქალის ჯანმრთელობის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ცხოვრების ხარისხზე და კომფორტზე, სექსუალურ და ემოციურ განწყობაზე.

წინამდებარე სტატია ხსნის:
– მენჯის ორგანოების პროლაფსის არსს და გამომწვევ მიზეზებს
– მენჯის ორგანოების პროლაფსის კლინიკურ სიმპტომებს
– პროლაფისით გამოწვეული პრობლემების სახეებს
– დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს

uterine-prolapse1

მენჯის ორგანოების პროლაფსი (საშვილოსნოს სრული გამოვარდნა)
– მენჯის ორგანოების პროლაფსი აღიქმება და მოიცავს: საშვილოსნოს, საშოს კედლებს, შარდის ბუშტს, შარდსადენს, წვრილ, მსხვილ და სწორ ნაწლავს.
– მენჯის ღრუს ორგანოები ფიქსირებულია მენჯის ფსკერის დიაფრაგმის რამდენიმეშრიანი შემაერთებელი ქსოვილოვანი ფასციით, კუნთებით და იოგებით.
– მენჯის ორგანოების პროლაფსის განვითარება იწყება რეპროდუქციულ ასაკში და წლოვანების მატებასთან ერთად ხასიათდება პროგრესირებადი მიმდინარეობით. დაავადების შემდგომი გაღრმავება და ორგანოების ფუნქციური დარღვევების ერთმანეთზე დაშრევება იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს და ფიზიკურ ტანჯვას, შედეგად ნაწილობრივ ან სრულ შრომისუუნარობას, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

მიზეზები
– ამ დაავადების განვითარებას ყოველთვის თანსდევს ეგზოგენური და ენდოგენური ხასიათის გამომწვევი მიზეზები: მუცლის ღრეს პერიოდული წნევის მატება და არასრულფასოვანი მენჯის ფსკერი.
– მენჯის ორგანოების პროლაფსი ვითარდება მაშინ როდესაც კუნთები, ფასცია, იოგები ვეღარ აკავებენ და აფიქსირებენ მენჯის ღრუში ნორმალურ ანატომიურ პოზიციებზე განლაგებულ ორგანოებს, რომლის მიზეზიც მენჯის ფსკერის დიაფრაგმის გადაწელვა, ელასტიურობის დაკარგვა და დისტროფიული ცვლილებებია. 
– მენჯის ღრუს ორგანოების ფიქსაციის უნარის დაქვეითება პირველ რიგში განპირობებულია მენჯის ფსკერის კუნთვანი ქსოვილების, ფასციების, იოგების ტრავმული დაზიანებით. ასეთი ტიპის ტრვმული დაზიანების მაპროვოცირებელი ფაქტორია ბუნებრივი გზით მშობიარობა, სწრაფი ან გახანგრძლივებული დიდი ნაყოფით მშობიარობა, განმეორებადი მშობიარობა და მიღებული ტრავმა.
– მენჯის ფსკერის დიაფრაგმის დასუსტების გამომწვევი ფაქტორია გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა და ყველა ის ქრონიკული დაავადება რომლიც იწვევს მუცლის ღრუში პერიოდულ წნევის მატებას: გამოხატული სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება, კვების დარღვევა და გახშირებული ყაბზობა, ქრონიკული რესპირატორული დაავადება ბრონქოპნევმონია და გახშირებული ხველა.
– მიზეზი რომელმაც შეიძლება დაამძიმოს არსებული პროლაფსი არის ასაკის მატება, მენოპაუზის დადგომა, ესტროგენული ჰორმონის დეფიციტი ორგანიზმში.
– მენჯის ორგანოების პროლაფსის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია შემაერტებელი ქსოვილის სისტემური სტრუქტურული უკმარისობა.

სიმპტომები
– მენჯის ორგანოების პროლაფსის განვითარების საწყის ეტაპზე შესაძლებელია გამოხატული იყოს ერთეული სიმპტომები სუსტად, ხოლო დაავადების სიმძიმის მატებასთან ერთად მატულობს სხვადასხვა ხარისხის კომპლექსური სიმპტომების პრეზენტაციაც.
– პერიოდულად რბილი თიაქარის მსგავსი წარმონაქმნის არსებობის შეგრძნება შორისის მიდამოში ან მუდმივად საშოდან ჩამობერილი რბილი/მკვრივი სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნი.
– დაქაჩვის, ზეწოლის, სიმძიმის, დისკომპფორტის, ყრუ ტკივილის შეგრძნება მუცლის, წელის და შორისის მიდამოში.
– შარდის სტრესული შეუკავებლობა, შარდვის დაკარგვის ეპიზოდები ფიზიკური აქტივობის, დატვირთვის, ხველის და მუცლის ღრუში წნევის მატების დროს. შესაძლებელია შარდის სტრესული/ურგენტული შეუკავებლობასთან ერთად გამოვლინდეს შარდის შეკავება ან მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.
– ანალური სფინქტერის ნაწილობრივი უკმარისობა, ყაბზობა, ბუასილი, დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები შორისის მიდამოში დეფეკაციის პროცესში.
– სქესობრივი დისფუნქცია, ლიბიდოს, ორგაზმის დაქვეითებული აღქმა, ფრიგიდობის, არასრულფასოვნების განცდა, შარდის დაკარგვის ეპიზოდები სქესობრივი აქტის დროს, ხოლო დროთა განმავლობაში სქესობრივი ცხოვრების შემცირება და შეზღუდვა.
– პრობლემები აპლიკატორის ან ქალის ჰიგიენური საშუალებების ხმარებისას. საშვილოსნოს ყელის და საშოს კედლის ტროფიკული წყლულის განვითარება ზოგჯერ სისხლიანი გამონადენით.
– გახშირებული მწვავე და ქრონიკული ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, კოლპიტი, ცისტიტი.
– დაავადების მძიმე ხარისხის შემთხვევებში უჭირს ჯდომა, სიარული. მკვეთრი მოძრაობა. ფიზიკური აქტიურობა შეზღუდულია. მკვეთრად გამოხატული დისკომფორტი, უსიამოვნო შეგრძნება საშოს და შორისის მიდამოში.
– ცხოვრების ხარისხის, კომფორტის დაქვეითება, თავისუფლების შეზღუდვა, საზოგადოებისგან თავის არიდება და განმარტოვება.

მენჯის ორგანოების პროლაფსი
POP- Q  – მენჯის ორგანოების პროლაფსის რაოდენობრივი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის ვარიაციაში:
0 – არ არის პროლაფსი
I – არასრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი ნაწილობრივ დაწეულია, მაგრამ არა უმეტეს ერთი სანტიმეტრით საქალწულე აპკის დონემდე.
II – არასრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი ნაწილობრივ დაწეულია საქალწულე აპკის დონემდე, ერთი სანტიმეტრით სცილდება და დამოუკიდებლად ბრუნდება უკან.
III – არასრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი ნაწილობრივ გამოვარდნილია სცდება საქალწულე აპკის დონეს ერთი სანტიმეტრით და დამოუკიდებლად ვეღარ ბრუნდება უკან, ხოლო საშოს სიგრძე მოკლდება ორ სანტიმეტრამდე.
IV – სრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი სრულად გამოვარდნილია, სცდება საქალწულე აპკის დონეს ორი სანტიმეტრით ან მეტით, ხოლო საშოს სიგრძე მოკლდება ორ სანტიმეტრზე მეტად. კლინიკური სურათი დამახასიათებელია მენჯის ორგანოს სრული გამოვარდნისთვის.

ქალის სასქესო ორგანოების სხვა პროლაფსი
– არასრულფასოვანი შორისი
– მენჯის კუნთების ძველი ტრავმა (დაზიანება)
– ურეთროცელე
– ენტეროცელე
– პოსტჰისტერექტომიური პროლაფსი

პროლაფისის სახეები და ორგანო
– საშვილოსნოს პროლაფსი – საშვილოსნო
– საშოს გუმბათის დაწევა – საშო
– ცისტოცელე – შარდის ბუშტი
– რექტოცელე – სწორი ნაწლავი
– ურეთროცელე – შარდსადენი
– ენტეროცელე – წვრილი ნაწლავი
– პერინეოცელე – შორისი

საშვილოსნოს და საშოს გუმბათის პროლაფსი
– საშვილოსნოს და საშოს გუმბათის პროლაფსი დიაგნოსტირდება როდესაც ბიმანუალური გასინჯვისას სარკეებში მუცლის ღრუში წნევის მატების, ჭინთვის შემთხვევაში აღენიშნება საშვილოსნოს ყელის და საშოს პროქსიმალური ნაწილის დაწევა საშოს სიგრძის დამოკლებით.

ცისტოცელე და ურეთროცელე
– შარდის ბუშტი პროლაბირებს საშოს წინა კედელთან ერთად. ორგანო ნორმალურ ანატომიურ პოზიციიდან ეშვება ქვემოთ და იწევს საშოში, ზოგჯერ სცილდება საშოს შესავალს და ვლინდება ცისტოცელე.
– საშოს წინა კედელის და შარდის ბუშტთის დაწევასთან ერთად სუსტდება ურეთრის მაფიქსირებელი ქსოვილები, მოძრავი ხდება შარდსადენი და პროვოცირდება ურეთროცელე. ცისტოურეტროცელეს განვითარების შედეგად ძირითადი დაავადების სიმპტომატიკას ემატება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის კლინიკური სიმპტომები: სიცილის, მძიმის აწევის, ხველის, დაცემინების, სქესობრივი აქტის, ფიზიკური აქტივობის დროს შარდის მცირე ეპიზოდური დაკარგვა.

რექტოცელე და ენტეროცელე
– საშოს უკანა კედელი სწორ ნაწლავთან ერთად პროლაბირებს საშოს თავისუფალ სივრცეში ხსნის შორისს, ზოგჯერ სცილდება შესასვლელს და ვლინდება რექტოცელე რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს დეფეკაციის პრობლემებს (ტენეზმი, ყაბზობა). მენჯის ფსკერის კუნთების მშობიარობის შემდგომი შორისის ძველი ჩახევები, უხეში ნაწიბური შორისის მიდამოში, ლევატორების დიასტაზი, ანალური სფინქტერის უკმარისობა ამძიმებს დაავადებას და ხშირად ვლინდება რექტოცელესთან ერთად. არასრულფასოვანი შორისი და მენჯის კუნთების ძველი ტრავმა (დაზიანება) მაპროვოცირებელი ფაქტორია რექტოცელეს განვითარების.
– ენტეროცელე არის წვრილი, სიგმოიდური ნაწლავის საშოს წინა ან უკანა კედელის პროქსიმალურ ნაწილზე ზეწოლის შედეგად საშოში გაჩენილი თიაქარის მზგავსი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ხშირად გვხვდება რექტოცელესთან ერთად რექტოენტეროცელეს სახით. პროლაფსის რეციდივი პოსტჰისტერექტომიის პერიოდში კლინიკურად ვლინდება საშოს პროქსიმალური ნაწილის, საშოს წინა და უკანა თაღის დაწევით ან გამოვარდნით ენტეროცელეს სახით.

დიაგნოსტიკა
– დაავადების საწყისი სტადია შეიძლება გამოვლინდეს ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტის დროს.
– მსუბუქი ხარისხის ერთი სეგმენტის პროლაფსი შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ მენჯის ფსკერის კუნთების რელაქსაციით, საშოს რომელიმე სეგმენტის უმნიშვნელო დაწევით ან საშოს შესავლელის, დისტალური ნაწილის შორისის კუნთების შეკუმშვის სიძლიერის დაქვეითებით ან სხვა…
– ქალის მენჯის ორგანოების პროლაფსი და კლინიკური სიმპტომების პრეზენტაცია პირდაპირ პროპორციულია განვითარებული დაავადების სიმძიმის ხარიხთან.
– ადეკვატური მკურნალობის გასაღები დევს პროლაფსის სახეობის სწორ დიაგნოსტიკაში. პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს პროლაფსის გამომწვევი მიზეზი და დაავადების ხარისხი რათა შეირჩეს მკურნალობის სწორი მეთოდი. პაციენტის მიერ ჩივილების სრულყოფილი აღწერა ეხმარება ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში და მკურნალობის მეთოდის შერჩევაში.
– დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს გინეკოლოგისთვის. საშოს სარკეებში ვიზუალიზაციის შემდეგ საჭიროა ბიმანუალური, რექტოვაგინალური გასინჯვა და უროდინამიური გამოკვლევები. კლინიკური სიმპტომების გამოვლენიდან გამომდინარე შესაძლებელია ცისტოსკოპიის, რექტოსკოპიის, კოლპოსკოპიის, ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება.

მკურნალობა
– პაციენტის სრულყოფილი გამოჯანმრთელება შეუძლებელია თუ დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი სრულად არ აღმოიფხვრა. მკურნალობის შერჩევა დაკავშირებულია: პროლაფსის სიმძიმის ხარისხთან, შვილოსნობის სურვილთან, სქესობრივ აქტიურობასთან, წლოვანებასთან, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და გაახალგაზრდავების სურვილთან, ურო/პროქტო/გინეკოლოგიური ძირითადი და თანხლები დაავადებების შერწყმასთან, სხვადასხვა სიმპტომების დაშრევებასთან…
I – არაქირურგიული მკურნალობას მიეკუთვნება:
– წონაში დაკლება
– მუცლის ღრუს წნევის მატების შემცირება
– პესსარიების გამოყენება
– კეგელის ვარჭიშები
– ლაზეროთერაპია
– ესტროგენოთერაპია
II – ქირურგიულ მკურნალობას მიეკუთვნება:
– მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაციები

არაქირურგიული მკურნალობა
– არაქირურგიულ მკურნალობაში პირველმნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და კომპლექსური მკურნალობა :
შესაბამისი დიეტის დაცვა და წონაში დაკლება იწვევს მენჯის ფსკერის კუნთების დეკომპრესიას რომელიც ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებას და დაავადების სტაბილიზაციას. კოფეინის შემცველი სითხის მიღების შეზღუდვა ხელს უწყობს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის სიმპტომების შემსუბუქებას. კვების რეჟიმით კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების დარეგულირება ამცირებს ყაბზობას, ჭინთვებს. თამბაქოს მოხმარებაზე თავის შეკავება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების ბრონქიტის და ბრონქოპნევმონიის მკურნალობა ამცირებს ხველას. მნიშვნელოვანია მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან (მძიმის აწევისგან) თავის არიდება. აგრეთვე ყველა სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის შემცირება რომელიც დაკავშირებულია მუცლის ღრუს წნევის მატებასთან, მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ზეწოლასთან და შედეგად მენჯის ორგანოების პროლაფსის განვითარებასთან.
– არასრული და სრული უტერულ – ვაგინური პროლაფსის დაავადების არსებობის შემთხვევაში კლინიკური სიმპტომების შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია სილიკონის სხვადასხვა ზომის და ფორმის ვაგინური პესსარიების (vagynal pessari) მოხმარება. საშოს პესსარიების მოხმარება შესაძლებელია პაციენტის მიერ ყოველდღიურად დილიდან საღამომდე გამოყენების შესაბამისი პირობების დაცვით.

765822-fig12

სპეციალური ვარჯიშები და პროცედურები
– რეპროდუქციული და პრე- მენო- პოსტმენოპაუზური ასაკის გინეკოლოგიურ პაციენტებში რეკომინდირებულია კონსერვატიული მკურნალობა მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში, ხოლო ვულვო-ვაგინური ატროფიის არსებობისას ვარჯიშთან ერთად ვაგინალური ესტროგენული სანთლები და ლაზეროთერაპია.
I
– მენჯის ფსკერის კუნთების აღდგენის და გაძლიერების მიზნით მენჯის ორგანოების პროლაფსის განვითარების საწყის ეტაპზე (I-II სტადია) პირველადად რეკომინდირებულია კეგელის ვარჯიშები.
II– მენოპაუზაში მყოფ ქალებში უროგენიტალური სინდრომის (საშოს რელაქსაცია, ვულვის კანის და საშოს ლორწოვანის ატროფია, სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, დისპარეუნია, შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა) არსებობისას დამატებით მიზანშეწონილია ვაგინალური ესტროგენული სანთლების ან კრემის გამოყენება.
III– ნებისმიერი ასაკის ქალთა პოპულაციაში უროგენიტალური სინდრომის კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია ვულვის კანის, საშოს ლორწოვანის განახლების, გაახალგაზრდავების და ელასტიურობის დაბრუნების მიზნით ფრაქციული CO2 ლაზერით (MonaLisa Touch ან Alma Femilift) უროგენიტალური ორგანოების ნაწილობრივი მიკროაბლიაციის რამდენიმე სეანსი.
– კეგელის ვარჯიშებს ტონუსში მოჰყავს მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთები და ანვითარებს მას, კუნთები რომლითაც გარშემორტყმულია შარდსადენი, შორისი, საშო, სწორი ნაწლავი, ანალური სფინქტერი. მენჯის ფსკერის ინტიმური კუნთების ვარჯიშები ეფექტურია მხოლოდ მენჯის ფსკერის კუნთების რელაქსაციის და სუსტი პროლაფსის გამოვლენის შემთხვევაში.
– ვარჯიში ითვალისწინებს: 10 წამის განმავლობაში დაძაბეთ მენჯის ფსკერის შორისის კუნთები, რომლებიც გამოიყენება შარდისა და აირის შესაჩერებლად შემდეგ მოადუნეთ 10 წამით და გაიმეორეთ  5-10 ჯერადად,
– იგივე გაიმეორეთ დღეში 10 ჯერ. ამ ვარჯიშების შესრულება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში ინტიმურად, სპორტული აღჭურვილობის და უცხო პირის ჩარევის გარეშე დასვენების ან დასაქმების პერიოდში (სახლი, სამსახური).
– ასეთი ვარჯიშები შეასრულეთ 50-100 ჯერ დღეში 2-6 თვის განმავლობაში გარკვეული მკურნალობის ეფექტის მისახწევად. შესაძლებელია უფრო მეტიც, მენჯის ფსკერის კუნთების მეტი განვითარების და გაძლიერების მიზნით კეგელის ვარჯიშები განხორციელდეს სხვადასხვა ფორმის და წონის ვაგინალურ კონუსთან ერთად.
– თუ მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშის შედეგად გამოვლინდა გაუმჯობესების შედეგი უმჯობესია ვარჯიშები პაციენტმა არ შეწყვიტოს და აქციოს ცხოვრების წესად!

ორსულობა, ლოგინობის პერიოდი და მენჯის ორგანოების პროლაფსი
– მენჯის ფსკერის კუნთების (კეგელის) და ზოგადი გამაჯანსაღებელი ვარჯიშები განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ორსულობის პერიოდში პროლაფსის პრევენციის ან ორსულობის და მშობიარობის შედეგად ლოგინობის პერიოდში სუსტად განვითარებული/გამოვლენილი პროლაფსის კომპლექსური მკურნალობის პროცესში.
ორსულობის პერიოდში მესამე ტრიმესტრიდან გაზრდილი ორსული საშვილოსნო ახდენს ზეწოლას მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ ორგანოებზე (შარდის ბუშტი, მსხვილი წლავი, სისხლძარღვები), მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთებზე. კუნთების რელაქსაციის ფონზე ვითარდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების შარდის ბუშტის, შარდსადენის სფინქტერის ტონუსის დაქვეითება. კომპრესიის შედეგად გამოხატულია სწორნაწლავის, საშოს, ვულვის ვარიკოზული ვენების გაგანიერება, ხოლო სიმპტომურად ვლინდება ბუასილით, ვულვის ვენების გაგანიერებით, შარდის დაკარგვის ეპიზოდებით. დინამიური კლინიკური დაკვირვებიდან გამომდინარე მშობიარობამდე რეკომინდირებულია შარდსადენის, შარდის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის, ანალური სფინქტერის ფუნქციის რეგულირება და მართვა ვარჯიშებით.
– ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რომელიც მიმართულია ზედმეტი წონის დაკლებასთან და შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებასთან. მენჯის ორგანოების პროლაფსის პრევენცია მიზნად ისახავს მენჯის ფსკერის კუნთების, ზურგის, მუცლის პირდაპირი კუნთების და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების შესუსტებული, დაქვეითებული ფუნქციის აღდგენას კეგელის და ზოგადი გამაჯანსაღებელი კომპლექსური ვარჯიშებით.
– გართულებული ბუნებრივი მშობიარობის შემდგომ პერიოდში კლინიკურად იკვეთება ურო/გენიტალური სინდრომი: სექსუალური დისფუნქცია, არსებული ან ახალად შეძენილი მენჯის ფსკერის კუნთების რელაქსაცია, არასრულფასოვანი შორისი, შარდის სტრესული შეუკავებლობა, საშოს ერთი ან რამდენიმე სეგმენტის არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი.
მშობიარობის შემდეგ რეაბილიტაციის მიზნით რეკომენდირებულია მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები. ვარჯიშების სიმარტივის, ეფექტურობის, მინიმალური ღირებულობის და დაბალი რისკის შემცველობის პირობების გათვალისწინებით პირველი რიგის მკურნალობის მეთოდია უროლოგიური, გინეკოლოგიური და კოლოპროქტოლოგიური ორგანოების დარღვეული ფუნქციის პრობლემების მოსაგვარებლად ლოგინობის პერიოდში.
I – ლოგინობის პერიოდის ადრეული ვადიდან (მშობიარობის შემდეგი დღიდან) აუცილებელია მენჯის ფსკერის კუნთების მასის და მათი ტონუსის აღსადგენად კეგელის ვარჯიშები მინიმუმ 2~6 თვის განმავლობაში. ვარჯიშების შემდგომი გაგრძელება მიზანშეწონილია კონუსის დახმარებით შორისის, ინტიმური კუნთების სასურველი შეკუმშვის სიძლიერის მიღწევამდე.
– მშობიარობიდან ორი თვის განმავლობაში რეკომენდირებული არ არის კეგელის ვარჯიშებთან ერთად მუცლის და გულ-მკერდის კუნთების მონაწილეობა. ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს, საშოს, შორისის, შარდსადინარის, ანუსის სფინკტერის მაფიქსირებალი აპარატი (ფასცია, იოგები, კუნთები) გადაწელილია და დასუსტებულია, კუნთები მოდუნებულია. ამ არგუმენტების გათვალისწინებით მუცლის ღრუში წნევის მატება მენჯის ორგანოების პროლაფსის მაპროვოცირებული ფაქტორია. მიზანშეწონილია ლოგინობის პერიოდში ორი თვით შეიზღუდოს მელოგინის ფიზიკური დატვირთვა, მძიმე ტვირთის აწევა, არასასურველია ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ხველა, ყაბზობა. მშობიარობიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მენჯის ფსკერის კუნთების (კეგელის) ვაჯიშებთან ერთად დასაშვებია დასუსტებული მუცლის სწორი/პირდაპირი კუნთების აღდგენითი და ზოგადი კომპლექსური გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.
II– მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ უროგენიტალური სინდრომის (საშოს შასასვლელის რელაქსაცია, ვულვის კანისა და საშოს ლორწოვანის ელასტიურობის დაქვეითება, სიმშრალე და დისპარეუნია, სექსუალური ცხოვრების ხარისხის დაქვეითება და შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ეპიზოდები) არსებობის შემთხვევაში სამშობიარო გზის სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით შესაძლებელია ვულვის, შორისის, საშოს ლორწოვანის, ურეთროვეზიკალური შენაერთის, ფასციის და იოგების ფრაქციული CO2 ლაზეროთერაპიის (MonaLisa Touch ან Alma Femilift) სამი სეანსი. საშოს ლაზეროთერაპიის ზონდირების ერთი პროცედურის ხანრძლივობაა 3 – 5 წუთი. რეკომენდირებულია ერთი სეანსი 6 კვირიანი ინტერვალით. ლაზერის 0.1~0,5 მილიმეტრიანი მიკროაბლიაციური ზემოქმედება (360 ან 90 გრადუსით) იწვევს ვულვის, შორისის კანის და საშოს ლორწოვანის ახალი კოლაგენის ბიოსინთეზის სტიმულაციას, სისხლისმიმოქცევის გაძლიერებას, ქსოვილების რეგენერაციას, მენჯის ფსკერის ფასციის მოჭიმვას, სექსუალური დისფუნქციის და შარდის დაკარგვის ეპიზოდების გამოსწორებას, ვულვის და საშოს ელასტიურობის დაბრუნებას.
– მკურნალობის დადებითი შეეგი ვლინდება პირველი პროცედურიდან ერთ კვირაში და პროგრესირებს განმეორებითი სეანსის შედეგ.

– თუ მენჯის ორგანოების პროლაფსის კონსერვატიულმა მკურნალობამ ჯანმრთელობის, თავისუფლების და ცხოვრების ხარისხის აღდგენის პროცესში სრულყოფილი შედეგი ვერ გამოიღო რეკომინდირებულია ქირურგიული ჩარევა მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერაცია.
–  იხილეთ გაგრძელება:
– მენჯის ორგანოების პროლაფსი, რეკონსტრუქციული ოპერაციები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: